English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ შოთა გულბანი
საქართველოს ფინანსური ბაზრის შედარებითი ანალიზი

ვრცელი რეზიუმე 

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, ღია და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნას ემსახურება, რაც კერძო საკუთრების გარანტირებულად დაცვას გულისხმობს. თავის მხრივ, იმისათვის, რომ კერძო საკუთრებაზე აგებულმა საბაზრო ეკონომიკამ გამართულად და ეფექტურად იფუნქციონიროს, საჭიროა მისი ფინანსური რესურსებით შეუფერხებელი უზრუნველყოფა, რაც ფინანსური ბაზრების მეშვეობით წარმოებს. ფინანსური ბაზარი ეკონომიკაში ფინანსური სახსრების მოძრაობის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული ფორმაა და ფუნქციონირებს როგორც სასესხო კაპიტალის ბაზრის სახით, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახით. ანუ, ფინანსური ბაზარი უპირველესად - ეს არის კაპიტალის გადანაწილების მექანიზმი კრედიტორებს და მსესხებლებს შორის, შუამავლების მეშვეობით, კაპიტალზე მოთხოვნის და მიწოდების საფუძველზე. პრაქტიკაში ის წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციების ერთობლიობას (საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებს), რომლებიც მიმართავენ ფულადი სახსრების ნაკადებს მესაკუთრეებიდან მსესხებლისაკენ და პირიქით. ამ ბაზრის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს უმოქმედო ფულადი სახსრების სასესხო კაპიტალად ტრანსფორმაციაში.

თუ კიდევ უფრო მეტად განვაზოგადებთ, ფინანსური ბაზარი, თუ ის მრავალკომპონენტიანია, ბიზნესმენს შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ სარფიანად დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები, ხოლო მეორე მხრივ ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მისთვის საუკეთესო პირობებში  მოიძიოს საჭირო კაპიტალი. ეს კი საბოლოო ჯამში დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.

საქართველოში ფინანსური ბაზრები არადივერსიფიცირებულია, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ საბანკო სექტორზე მთელი ფინანსური ბაზრის 90%-ზე მეტი მოდის. ეს ეკონომიკურ განვითარებას პრობლემას უქმნის, ვინაიდან როგორც ნაშრომში ვრცლად გავაანალიზეთ, მიუხედავად ბანკების დომინანტური როლისა, ის არ მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში სათანადოდ და ის მეტწილად ორიენტირებულია მოხმარების დაფინანსებაზე, რაც არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს ქვეყანაში, მაშინ როცა მისი მთავარი კონკურენტის, კაპიტალის ბაზრის განვითარების შემთხვევაში, ფულადი სახსრები უშუალოდ მიედინება ინვესტორისგან ეკონომიკაში, კომპანიების ან სხვა სუბიექტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას გაცილებით უფრო ეფექტურად, ვიდრე საბანკო სექტორი.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საბანკო სექტორი სახელმწიფოს აქტიური დახმარებით წარმატებით განვითარდა, თუმცა ეს მოხდა ფინანსური ბაზრის სხვა სექტორების ჩაყლაპვის ხარჯზე, მათ შორის აღსანიშნავია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის, კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის საბანკო სექტორის მიერ სრული მონოპოლიზება.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ფინანსურ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია დამკვიდრდეს, საწყის ეტაპზე აუცილებელია სფეროს მარეგულირებელი კანონის მოწესრიგება და მასში კონკურენტი დარგების გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხების მკაფიოდ განსაზღვრა.